რეკლამა
ცხრილი

Standings provided by whatsthescore.com

მოდით, ჯერ შედეგზე ნუ ვიფიქრებთ, ჯერ ფეხბურთი ვითამაშოთ!
22-03-2015, 17:46
739
Ошибка
მოდით, ჯერ შედეგზე ნუ ვიფიქრებთ, ჯერ ფეხბურთი ვითამაშოთ!
კახა ცხადაძემ პირველად დაასახელა სანაკრებო სია. საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელისა და მის მიერ შექმნილი ახალი გუნდის თაობაზე არაფერი ითქმის მანამ, სანამ სერიოზული მოწინააღმდეგეები არ გამოცდიან მას.

იმის განჭვრეტა კი შეგვიძლია, საით წაიყვანს ეროვნულ გუნდს ახალი მესაჭე...

ბურთი ყველამ უნდა... იცოდეს
პირველი სანაკრებო სია ნათლად გვეუბნება - კახა ცხადაძე უპირატესობას ანიჭებს იმ ფეხბურთელებს, "ბურთი რომ იციან". დღევანდელი ფეხბურთის წამყვან კლუბებსა თუ ნაკრებებში ეს პრობლემა არ დგას. იქ ყველა "თამაშობს" - ცენტრალური მცველიცა და საყრდენი ნახევარმცველიც, ფორვარდიცა და შუა ხაზის მოთამაშეც.

ბოლო დროს საქართველოს ნაკრების ყველა სათამაშო რგოლის უმთავრესი ფუნქცია მეტოქისთვის ბურთის წართმევა იყო. სწორედ ამ მიზნით ირჩეოდა მცველთა და... ნახევარმცველთა უმრავლესობა. არადა, ჩვენ დაგვავიწყდა ერთი მარტივი ჭეშმარიტება - ფეხბურთს იგებს გოლი, გოლს კი ვერაფრით გაიტან, მეტოქის კართან სახიფათო მომენტი თუ არ შექმენი.

არ შეიძლება, დღევანდელ ფეხბურთში მკვეთრად გავმიჯნოთ სათამაშო რგოლების ფუნქციები. ყველა ნორმალური გუნდი თუ ნაკრები ცდილობს, მოწინააღმდეგის ნახევარზე ან მინდვრის ნებისმიერ მონაკვეთში რიცხობრივი მეტობა შექმნას. მეტოქის ნახევარზე ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. არადა, როგორ უნდა გაკეთებულიყო ეს წინა ფორმაციის ნაკრებში, როცა მცველებს არ შეეძლოთ მეტოქის ნახევარზე გადასვლა და მოიპოვებდნენ თუ არა ბურთს, წამსვე გრძელი გადაცემით ეძებდნენ ეულ, მოწინააღმდეგის ერთ მცველში ჩაკარგულ ფორვარდს.

სასიამოვნოა, რომ ახალი ფორმაციის ნაკრებში ბევრი "მოთამაშე" ფეხბურთელია. მცველებს რომ თავი დავანებოთ, განა კონკრეტული მატჩის ბედის გადაწყვეტა არ ძალუძთ ლევან ყენიას, ნიკა ძალამიძეს, გიორგი ჭანტურიას, თორნიკე ოქრიაშვილს?!...

მაქსიმალიზმი
ამ შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებს რა უნდა მოსთხოვო და მუნდიალის შესარჩევ ციკლში კახა ცხადაძემ თავად დაუსახა გუნდს ამოცანა - სულ მცირე, მესამე ადგილი და მაქსიმუმ, პლეი-ოფში გამსვლელი ადგილის დაკავება.

ვინ არ იცის, რომ საქართველოს ნაკრებს ამ ამოცანის გადაჭრა გაუჭირდება, მაგრამ ცხადაძე აქ ასპროცენტიანია - თუ გუნდს, თუნდაც სოფლის პირველობაზე მოთამაშე კრებულს, კონკრეტული მიზანი არ დაუსახე, მისი ფასი გახვრეტილი შაურია - როცა ფეხბურთელმა არ იცის, რისთვის გადის მინდორზე, მისი საქმე წასულია.

ერთი კია - ბევრი გარემოება უნდა მიეწყოს ერთმანეთს, საქართველოს ნაკრებმა ეს ამოცანა რომ გადაჭრას.

ქუდზე კაცი
ბოლო წლების ყველა სანაკრებო სიას დიდი ვნებათაღელვა ახლდა თან. არ მახსენდება, ვინმე ნაწყენი არ დარჩენილიყოს. ალბათ, ახლა ასე არ იქნება. ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება გვრჩება გაფართოებული სიის გაცნობისას.

შესაძლოა, რომელიღაც ფეხბურთელს, სადღაც, გულის კუნჭულში, დარჩა წყენის პატარა მარცვალი, მაგრამ ეს სანაკრებო სია ქუდზე კაცის დაძახებას ჰგავს - ვინც გვყავს, ყველა აქააა და თუ ამ თაობას ქართული ფეხბურთის დაცემული პრესტიჟის აღდგენა ძალუძს, ეს ახლა უნდა გააკეთოს.

ქუდზე კაცი კი საქართველოს უკიდურესი გაჭირვების ჟამს სჭირდებოდა. ქართულ ფეხბურთსაც უკიდურესად უჭირს.

ბაჩანას გამო...
ვიცნობ რა ცხადაძეს, ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ ახალი მწვრთნელის ხელში საქართველოს ნაკრები იმ ფეხბურთელების ასპარეზად გადაიქცეს, ეროვნული გუნდის გავლით სოლიდურ კლუბებში მოხვედრა რომ სურთ.

საქართველოს ნაკრებს ჰყოლია მწვრთნელები, ამას რომ ვუკიჟინებდით, თუმცა ცხადაძის პიროვნება, მისი სისუფთავე და პატიოსნება ეჭვის საბაბს არ გვიტოვებს. ამ კუთხით თემურ ქეცბაიასაც ვერ ვუსაყვედურებთ - მას საქართველოს ნაკრები ქარვასლად არ უქცევია.

კახა ცხადაძემ საქართველოს ნაკრებში უხმო ბაჩანა ცხადაძეს, თავის ვაჟს. ჯერ ჩუმად, "მოგუდულად", მაგრამ მაინც გაისმა ჩურჩული - ბაჩანას ადგილი საქართველოს ნაკრებში არ იყოო.

რა თქმა უნდა, ისეთი გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებასაც მძლავრი პიროვნული ნება სჭირდება. ჩემი აზრია და არ არის აუცილებელი, სხვამაც გაიზიაროს: დღეს საქართველოს ჰყავს 6-7 თანაბარი ძალის ფორვარდი. შანსი ყველას უნდა მიეცეს და მომდევნო ციკლში უკვე
გამოკვეთილი უნდა იყოს ის სამეული ან ოთხეული, რომელსაც დავეყრდნობით.

ბაჩანა ცხადაძეს თემურ ქეცბაიაც ეძახდა ნაკრებში. აზერბაიჯანის ჩემპიონატში გოლების გატანა იოლი არ არის. ბაჩანას გააქვს. ის შანსს იმსახურებს და მას ეს შანსი იმიტომ არ უნდა წავართვათ, რომ ის კახა ცხადაძის შვილია. გამოიყენებს ამ შანსს? ითამაშებს! თანაც, ეს მხოლოდ გაფართოებული სიაა და არა - საბოლოო.

კონკურენციის მომენტი
არსად, არც ერთ ჩემპიონატსა თუ შესარჩევ ციკლში არ მიუღწევია წარმატებისთვის გუნდსა თუ ნაკრებს, რომელშიც შიდაკონკურენცია არ ყოფილა. დღევანდელ ევროპულ საკლუბო ფეხბურთში სულელები როდი არიან, ერთ პოზიციაზე 3-4 ფეხბურთელს რომ ყიდულობენ.

კახა ცხადაძის ეს სანაკრებო სია, ჩემი აზრით, სხვა არაფერია, თუ არა კონკურენციის შექმნის მცდელობა. მეტი ფეხბურთელი არ გვყავს. ასე კი, იმას მაინც ვახერხებთ შემორიგებულებითა თუ დაბრუნებულებით, რომ ერთ პოზიციაზე ორი ფეხბურთელი გვიგროვდება.

ცოდვა გამხელილი ჯობს და, მთლად ასეც არ არის - საქართველოს ნაკრებს არ ჰყავს ორი კვალიფიციური მარჯვენა მცველი. პრობლემა ისაა, რომ ასეთი მცველი არც საქართველოს ჩემპიონატში მოჩანს.

სხვებს რაც შეეხება - გაფართოებულ სიაში თუნდაც ზურაბ ხიზანიშვილისა და ნუკრი რევიშვილის გამოჩენა სწორედ კონკურენციის გაზრდისკენ გადადგმული ნაბიჯი მგონია. საქართველოს ნაკრების არცერთ ფეხბურთელს არ უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ ის შეუცვლელია.

ერთიანობა
ახალი მწვრთნელი მოვიდა და ძალიან ჭრელი სანაკრებო სამყაროც გაერთიანდა. ჩვენ ამ ერთიანობის გამტკიცებისაკენ უნდა ვიაროთ. როგორც კი ამ ერთიანობაში ბზარი გაჩნდება, წარმატების შანსი წამსვე მოიკლებს.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პასუხისმგებლობა აქ უდიდესია. ამ ბზარის გაჩენა მან არ უნდა დაუშვას. ფეხბურთელებსაც მოეკითხებათ. მათაც სახელმწიფოებრივად აზროვნება მართებთ.

გვახსოვდეს: სანამ საქართველოს ნაკრებში ერთიანობა იყო, შედეგი, ასე თუ ისე, თემურ ქეცბაიას დროსაც გვქონდა...

მოდი, ვითამაშოთ ფეხბურთი...
მოდით, ჯერ შედეგზე ნუ ვიფიქრებთ. ამ შესარჩევ ციკლში ჩვენი მატარებელი მაინც ჩავლილია. ჩვენი პირველი რიგის ამოცანა ის უნდა იყოს, რომ საქართველოს ნაკრებმა "ფეხბურთის თამაში" დაიწყოს, რასაც ბოლო წლებში არ აკეთებდა.

ვითამაშოთ ფეხბურთი, ცივ გონებას რისკი შევუზავოთ და შედეგი, თანდათანობითი უკეთესობა აუცილებლად მოვა.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week" dle
გაუზიარე მეგობრებს
კომენტარები
რეკლამა
დღის სიახლეები
რაგბის მსოფლიო რეიტინგში ცვლილებებია
0
5554
ახალი ამბები, საქართველო
გამოკითხვა
რეკლამა
კალენდარი
«    მარტი 2017    »
ПнВтСрЧтПтСбВс
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031